რონის დერბის ისტორია უკვე მოგიყევით, ახლა კი დროა, დღევანდელ მატჩზე გავაკეთოთ აქცენტი.
ლიონი VS სენტ-ეტიენი - ფრანგული ფეხბურთის დიდი მეტოქეობა
დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე საფრანგეთში დიდი მატჩია დაგეგმილი - ლიონი საკუთარ მოედანზე თავის ყველაზე დიდ მეტოქეს, სენტ'ეტიენს დაუპირისპირდება.
ქართველებისთვის აღნიშნულ დაპირისპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამეთუ ოლიმპიკის რიგებში გიორგი მიქაუტაძე ასპარეზობს, მწვანეების რიგებში კი ზურიკო დავითაშვილი ასრულებს გუნდის ლიდერის მოვალეობებს.
10 ტურის შემდეგ ლიონი 4 გამარჯვებით, 3 ფრით და 3 მარცხით (15 ქულა) მე-8 ადგილს იკავებს და გუნდის მთავარი საზრუნავი ევროტურნირებზე მოხვედრაა. კონფერენს ლიგაზე გამყვან მე-6 პოზიციას ამ დრომდე ლიონი 1 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ლიონის ქართველ ფორვარდს, მიქაუტაძემ ამ დრომდე ლიგა 1-ში 10 მატჩი ჩააატარა (ჯამში 446 წუთი) და 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
უშუალოდ სენტ'ეტიენთან მიქაუტაძეს 4 მატჩში აქვს ჩატარებული და 3 გოლიც გაიტანა.
რაც შეეხება სენტ'ეტიენს, ლიგა 1-ში ახლად დაწინაურებული გუნდის მთავარი ამოცანა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა - გუნდი 3 მოგებით, 1 ფრით და 6 მარცხით (10 ქულა) მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება, ამიტომ ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
სენტ'ეტიენის 10 გატანილი გოლიდან 7 ზურიკოს უშუალო მონაწილეობით გავიდა - 5 გოლი, 2 საგოლე პასი. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი თავისი ახალი გუნდის ლიდერად ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა.
რონის დერბის მეტოქეობა იმ დონეზეა ასული, რომ ლიონის გულშემატკივრები თავისი გუნდის ფეხბურთელებზე მწვანე ბუცებსაც კი ვერ იტანენ, რადგან ეს ფერი სენტ'ეტიენთან ასოცირდება.
ამიტომ, დღეს საფრანგეთში, სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერთან დაპირისპირების პარალელურად გაიმართება ლიონი - სენტ'ეტიენის დაპირისპირება და ქართველ გულშემატკივარს საფიქრალი ემატება, რომელ თამაშს უყუროს - რონის დერბის, თუ კვარას ნაპოლის ინტერთან შეხვედრას.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლიონი: ლუკას პერი, მაიტლანდ ნაილსი, კლინტონ მატა, ნიაკატე, ტალიაფიკო, ვერეტუ, ტოლისო, ბენრაჰმა, ჩერკი, ფოფანა, ლაკაზეტი
სენტ'ეტიენი: ლარსონეუ, მაკონი, ბატუბინსიკა, ნადე, პეტროტი, ბოჩარი, ეკვა, მოუტონი, ბოაკიე, სისოკო, დავითაშვილი.