ლუკა მოდრჩი მადრიდის რეალის გულშემატკივრებს ღია წერილით გამოემშვიდობა.
„ძვირფასო მადრიდისტებო. ის დღე მოვიდა, რომლის მოსვლაც არასდროს არ მინდოდა, თუმცა ეს ფეხბურთია და ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. შაბთს, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემს უკანასკნელ მატჩს ჩავატარებ.
2012 წელს აქ თეთრი მაისურის და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის რიგებში თამაშის სურვილით მოვედი. დიდი მიზნებით, თუმცა ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, წინ რა მელოდა.
რეალში თამაშმა შემცვალა როგორც ფეხბურთელი და შემცვალა როორც პიროვნება. ძალიან ამაყი ვარ, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდის მონაწილე ვიყავი.
მინდა კლუბს გულის სიღრმიდან წამოსული უდიდესი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ფლორენტინო პერესს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე მეხმარებოდა.
ამ წლების განმავლობაში უამრავი დაუვიწყარი მომენტი გადამხდა, შესრულდა უამრავი ქამბექი, რომელიც შეუძლებელს ჰგავდა, ფინალები, ზეიმი და დაუვიწყარი ღამეები ბერნაბეუზე. ყველაფერი მოვიგეთ და მე უბედნიერესი ვიყავი. ძალიან, ძალიან ბედნიერი.
თუმცა, ტიტულებთან და გამარჯვებებთან ერთად, გულში ყველა რეალის ფანთან მიჯაჭვულობა მაკავშირებს. მართლა არ ვიცი, როგორ უნდა აღვწერო ეს კავშირი, რომელიც თქვენთან მაქვს და გადმოვცე ის სიყვარული, მხარდაჭერა და პატივისცემა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ. არასდროს დამავიწყდება თითოეული ოვაცია, რომელიც ჩემს მიმართ გაქვთ გამოხატული.