უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში ინტერმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე არსენალი მიიღო.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოში ხელზე ბურთი მიკელ მერინოს მოხვდა, რის გამოც ლონდონელთა კარში პენალტი დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ჰაკან ჩალჰანოღლუ მივიდა და თავისი შანსი ზუსტად გამოიყენა. თურქმა რაიას შუაში დაურტყა, ესპანელმა მეკარემ კი მხარე აირჩია და გადახტა.
მეორე ტაიმში არსენალმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო და ინტერმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
ნერაძურიმ საწყისი 4 ტური წაუგებლად ჩაატარა და 10 ქულით მე-5 ადგილზეა, არტეტას გუნდმა კი ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა და 7 ქულა რჩება, ამ შედეგით კი მე-12 პოზიციას იკავებს.