შტურმის ოფიციალური განცხადებით, მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი კარიერას ჰოფენჰაიმში გააგრძელებს, გრაცელთა დროებითი მწვრთნელი კი იურგენ ზაუმელი იქნება.
47 წლის სპეციალისტი გერმანიის ბუნდესლიგაში თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მიდის.
ილცერი შტურმს 2020 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. პირველ სეზონში მან გუნდი ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გაიყვანა, შემდეგ ორ სეზონში მე-2 ადგილზე, გასულ სეზონში კი ილცერის ერა ისტორიული დუბლით დაგვირგვინდა და შტურმმა ავსტრიის თასთან ერთად ბუნდესლიგაც მოიგო.
ილცერი ჰოფენჰაიმში შტურმის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა წაიყვანა და ვინ იცის, ყოფილმა გრაცელებმა გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურის, ოთარ კიტეიშვილის გადაბირებაც მოინდომონ.