თბილისში საქართველოს თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველ მატჩში სპაერი გაგრას დაუპირისპირდა.
თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ პენალტების სერიამდეც მივიდა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, თავი ხარებაშვილმა და ცეცხლაძემ გამოიჩინეს.
დამატებით ტაიმში გეგიაძის გოლით სპაერი იგებდა, თუმცა 121-ე წუთზე გრიგალაშვილმა ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა ბურთი და წითელი ბარათი დაიმსახურა, დანიშნული პენალტი კი ზუსტად ლომთაძემ შეასრულა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა.
საბოლოოდ სპაერმა თერთმეტმეტრიანების საშუალებით მაინც მოიგო, სერია 5-4 დასრულდა. სპაერმა ერთი პენალტი გააფუჭა, გაგრამ კი - 2. შედეგად საქართველოს თასის პირველი ფინალისტი მეორელიგელი სპაერი გახდა. ეს ფაქტი აღსანიშნავი კიდევ იმიტომ არის, რომ ეს კლუბი 2017 წელს დაარსდა.
სპაერის მეტოქე კი თასის ფინალში ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დინამო თბილისი იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში კოლხეთი 1913 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა პენალტის საშუალებით და დინამოს მოაგებინა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 5 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. სპაერისა და დინამო თბილისის დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.