გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივარს მიმართა.
"გამარჯობა, მეგობრებო. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი დღისთვის, გუშინდელი მოლოცვებისთვის როგორც გოლისთვის, ასევე გამარჯვებისთვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე არის დღეს, როდესაც უკვე 135-მა ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში, კერძოდ დიდ დიღომში.
ძალიან გახარებული ვარ, ასევე გულნატკენი იმიტომ, რომ ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება, მაგრამ მათ დასაწყნარებლად მინდა მოვუწოდო, რომ არასდროს დანებდნენ. პირიქით, ივარჯიშონ, იშრომონ და ახლო მომავალში დაიგეგმება ისევ ისეთი კემპი ან უფრო მაგარი, იქნება ეს ლევანტესთან თუ ლევანტეს გარეშე.
მინდა ასევე, მოვუწოდო გოგოებს, რომ იაქტიურონ. საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი. ვხედავთ, ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს და, რა თქმა უნდა, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა.
რაც შეეხებათ იმ ბავშვებს, ვინც ვერ მოახერხებს ვალენსიაში წამოსვლას ან ვერ მოხვდა რეგისტრაციაზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ არასდროს დანებდეთ. ვიცი, რა გზაც არის ეს, ფეხბურთი არ არის ადვილი, უნდა იყო ფსიქოლოგიურად ძალიან მზად, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ არასდროს დანებდეთ იმაზე, რაც ძალიან გიყვართ. გააგრძელეთ შრომა და აუცილებლად როგორც ღმერთი, ასევე ფეხბურთი დაგიფასებთ ყველაფერს. ძალიან მინდა, რომ ამ დღეებმაც კარგად ჩაიაროს და აბა, წარმატებები ყველას და მომავალ შეხვედრამდე." - განაცხადა საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა ვიდეო-მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ლევანტემ საქართველოში სინჯების ჩატარება გადაწყვიტა, სადაც რეგისტრაცია ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო.