პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.
აკაკი ჯინჭარაძემ პარაწოლჭიმში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ქართველმა 250 კგ. დააფიქსირა და ვერცხლისმედალოსანს 1 კილოგრამით ჩამორჩა.
ჯინჭარაძემ საქართველოს დელეგაციას პარიზში მე-9 მედალი მოუტანა - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.
ანა ჯაფარიძე (ბრინჯაო), გიგა ოჩხიკიძე (ოქრო), ნინო თიბილაშვილი (ბრინჯაო), ვლადიმერ ჭინჭარაული (ვერცხლი), ზურაბ ზურაბიანი (ვერცხლი), გიორგი ქალდანი (ვერცხლი), ინა ქალდანი (ბრინჯაო), რევაზ ჩიკოიძე (ვერცხლი) და აკაკი ჯინჭარაძე (ბრინჯაო).
აღსანიშნავია, რომ პარიზში საქართველოს სახელით 14 პარასპორტსმენი წარსდგა, აქედან ცხრამ კი მედლის მოპოვება მოახერხა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.
საქართველოსთვის ეს რეკორდული პარალიმპიადა აღმოჩნდა. აქამდე პარალიმპიური თამაშების ისტორიაში ჯამში 4 მედალი გვქონდა - 1 ოქრო 2016 წელს რიოში და 3 ვერცხლი ტოკიო 2020-ზე. ახლა კი პარალიმპიურ მონაგარს ერთბაშად 9 მედალი ემატება.
სულ კი საქართველოს პარალიმპიური ისტორია უკვე 13 მედალს ინახავს - 2 ოქრო, 7 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.