დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, აჭარაბეთ არენაზე დინამოების დერბი გაიმართება.
ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ანდრეი დემჩენკოს გუნდი საკუთარ კედლებში ანდრეს კარასკოს შეგირდებს უმასპინძლებს, რომელმაც ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო.
საწყის ტურებში აჭარული გუნდი ჩემპიონის სტატუსს ამართლებდა და პირველ ხუთ ტურში 15 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდა.

თუმცა, სიტუაცია ბოლო ტურში შეიცვალა, როცა ჩემპიონი სრულიად მოულოდნელად იბერია 1999-თან (ყოფილი საბურთალო) სტუმრად 0:3 განადგურდა და ცხრილში მე-3 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
რაც შეეხება დინამო თბილისს, გუნდი ჩემპიონატის სტარტზე ძალიან ცუდად გამოიყურება - 6 ტურში თბილისელებმა მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვეს (2 ფრე, 2 მარცხი) და სატურნირო ცხრილის შუაში არიან მოქცეულები.

შედეგების გარდა დინამო თბილისის შედეგიანობაც ძალიან მოიკოჭლებს - გუნდმა ექვს თამაშში მხოლოდ ექვსჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და თავად 8 გოლი გაუშვა.
თბილისელების რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემპიონატის სტარტზე 16 წლის ვახტანგ სალიაა, რომელმაც 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის 6 გოლიდან 4-ში მოასწრო მონაწილეობის მიღება. მისი ეს პერფომანსი შეუმჩნეველი ევროპული გრანდებისთვისაც არ დარჩა და თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, მისთვის ინგლისურ ტოპ-გუნდებს ნამდვილი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული.
რაც შეეხება დინამო ბათუმს, გუნდის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი სენეგალელი ონორე გომისია, რომელმაც სალიას მსგავსად 2 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. სხვათაშორის, ის ბათუმელების ახალწვეულია - 2024-ს პირველ იანვარს ის გორის დილადან დინამოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
არ არის გამორიცხული, დღეს თბილისელების რიგებში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტიც შედგეს, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა.
ურთიერთშეხვედრები:
გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩები საკმაოდ უხვგოლიანი გამოვიდა - 2023 წლის ნოემბერში ბოლო გამართული დაპირისპირება თბილისურმა გუნდმა 6:2 მოიგო, იქამდე შედეგიანი ფრე (2:2) დაფიქსირდა, კიდევ უფრო ერთი მატჩით ადრე კი სუპერთასის ფინალი იყო თბილისში, რომელიც 1:1 დასრულდა და ბათუმელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს.
აჭარაბეთ არენას რაც შეეხება, ბათუმის სტადიონმა უკანასკნელად დინამოების დერბის ერთი წლის წინ, 2023 წლის 12 აპრილს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.