ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
დღის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილი არენაზე შედგა, სადაც ვალენსია და უოტფორდი დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა და ღამურები ფინალში გავიდნენ.
მეორე ნახევარფინალურ თამაშს კი დინამო არენამ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და იუვენტუსი შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა.
24-ე წუთზე ანგარიში შოთიკო დიაკონიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ ნიკოლოზ ჩიქოვანმა გახსნა, დინამომ პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევარში ტურინელები გააქტიურდნენ და 48-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიშიც გაათანაბრეს, აქედან 10 წუთში ბიანკონერი უკვე წინ გავიდა. მეტოქე გუნდის შემტევმა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
ტურინელები ძირითად დროში გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ დინამოს კაპიტანი მათე შათირიშვილი სიტუაციაში გაერკვა და ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრა 2-2 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც თბილისური გუნდის მხრიდან 2 პენალტი გაცუდდა, იტალიელებმა კი ყველა შანსი ზუსტად გამოიყენეს და ფინალში გავიდნენ.
შესაბამისად, ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე უცხოური ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს ვალენსია და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი 28 აგვისტოს 22:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.
ასევე ტურნირის ბოლო დღეს კიდევ 2 მატჩი ჩატარდება. 17:00 საათზე საგურამოს ბაზაზე თბილისის ლოკომოტივი და გალათასარაი მე-5 და მე-6 ადგილებს გაინაწილებენ, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი 19:00 საათზე დინამო არენაზე დინამო თბილისი უოტფორდს შეხვდება.
17:00 / ლოკომოტივი - გალათასარაი / საგურამოს ბაზა
19:00 / დინამო თბილისი - უოტფორდი / დინამო არენა
22:00 / ვალენსია - იუვენტუსი / დინამო არენა
მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ყურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ.