ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ლესტერი მიიღო.
მასპინძლებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-17 წუთზე ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა გახსნა, 38-ე წუთზე კი კრისტიანსენის ავტოგოლით სხვაობა ორბურთიანი გახდა, მანჩესტერმა კი პირველი ტაიმი 2-0 მოიგო.
მეორე ტაიმში იუნაიტედმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ალეხანდრო გარნაჩომ მატჩის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა. ბრუნო ფერნანდეშმა ამ შემთხვევაში საგოლე გადაცემა მიითვალა.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ მანჩესტერს 15 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, ლესტერს კი 10 ქულა რჩება და მე-15 პოზიციას იკავებს.
დღევანდელი შეხვედრა დროებითი მწვრთნელის რანგში ბოლო იყო რუუდ ვან ნისტელროისთვის, რომელმაც იუნაიტედი 4 მატჩში გაიყვანა მოედანზე. ნიდერლანდელის თავკაცობით გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, 11 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.
ხვალიდან წითელ ეშმაკებს რუბენ ამორიმი უთავკაცებს.